პრესისა და ტელევიზიის არნახული განვითარების გამო მაყურებელი შემოაკლდა
თეატრს, კინოს, სხვადასხვა სპორტულ ასპარეზობას. გამონაკლისს არც ფეხბურთი
წარმოადგენს. ალბათ ძნელია მოსთხოვო, მაგალითად, შვეიცარიელ
გულშემატკივრებს სტადიონზე წასვლა, მაშინ როდესაც მათ ქვეყანაში
ტელევიზიით გადაიცემა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ავსტრიის
ჩემპიონატების თამაშები.ანალოგიური სიტუაციაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც,
ამიტომ ბუნებრივია, რომ ბოლო პერიოდში ევროპის გუნდები ეძებენ მაყურებელთა
მოზიდვის სხვადასხვა ეფექტურ საშუალებებს. საინტერესოა მათი პრაქტიკის
გაცნობა, რადგან დასწრების მაღალი პროცენტით ვერც ჩვენი სტადიონები
დაიკვეხნიან. იტალიური კლუბი "ჯენოა” ყოველი მატჩის წინ აწყობს
პოპულარული როკ-ანსამბლების კონცერტს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა:
ტრიბუნები ბოლომდე ივსება. გულშემატკივრები მოდიან თამაშამდე სამი საათით
ადრე, მოდიან ოჯახის წევრებთან ერთად. საინტერესოა, რომ ბილეთის ფასი
იგივეა. საფრანგეთში მორიგი ტურის ყველა თამაშის დასრულების შემდეგ
იმართება ლატარეა, რომელშიც გამარჯვებული ღებულობს ბურთს მატჩში მონაწილე
გუნდების ავტოგრაფებით. ინგლისში, კლუბმა "ბრისტოლმა” გააუქმა
თამაშის წინ ბილეთების გაყიდვის პრაქტიკა. სტადიონის ტერიტორიაზე დაიდგა
სპეციალური ყუთები, სადაც მატჩის დამთავრების შემდეგ თითოეული
გულშემატკივარი უშვებს იმ თანხას, რამდენადაც იგი აფასებს საკუთარი გუნდის
თამაშის დონეს. გერმანიის გუნდი "მანჰეიმი” თანაქალაქელ უმუშევრებს
მატჩზე უფასოდ დასწრების უფლებას აძლევს. კლუბის ამ კეთილშობილურმა აქციამ
ქალაქის მოსახლეობის დიდი მოწონება დაიმსახურა, რითაც გუნდის რეიტინგი
საგრძნობლად გაიზარდა. დორტმუნდის "ბორუსიამ” კი საწინააღმდეგო
მეთოდს მიმართა. სეზონის პრინციპულ მატჩებზე ბილეთის ფასი მნიშვნელოვნად
გაზარდა. სამაგიეროდ ის პიროვნება, რომელიც შეიძენს რამდენიმე ასეთ
ბილეთს, უფლებას იღებს კლუბის ხარჯზე დაესწროს მომავალი სეზონის პირველ
გასვლით თამაშს. მდიდარი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა ესპანეთი,
მაგრამ მაყურებელთა მოზიდვის პრობლემა აქაც აქტუალურია. "ბარსელონამ”
ორიგინალურ ხერხს მიაგნო-დააფუძნა საკუთარი ბანკი. რამდენიმე დღეში
ათეულობით ათასობით გულშემატკივარმა შეიტანა თანხა ზემოთხსენებულ ბანკში.
ამ აქციით გუნდმა კიდევ უფრო გაიუმჯობესა როგორც ფინანსური მდგომარეობა,
ასევე მიაღწია მაყურებელთა დასწრების ზრდას, რადგან გულშემატკივარმა
გუნდის საფინანსო ოპერაციების თანამონაწილედაც იგრძნო თავი. მადრიდის
"ატლეტიკო” უფრო შორს წავიდა-გახსნა თავისი კაზინო, რომელიც ასევე
გულშემატკივრების საყვარელი თავშეყრის ადგილად იქცა. ამ შემთხვევაშიც
ტრიბუნებზე მაყურებელთა რიცხვმა იმატა. ამ ფენომენის ახსნა კი მხოლოდ
გამოცდილ ფსიქოლოგს თუ შეუძლია. "მურსიას” ფინანსური შესაძლებლობანი
უფრო შეზღუდულია, ვიდრე ზემოთაღნიშნული გრანდებისა, მაგრამ მაყურებელთა
მოზიდვის საკითხი აქაც ოპტიმალურად გადაიჭრა. გუნდი საკუთარ სტადიონზე
ჩატარებულ ყოველ მატჩზე ას ბილეთს უფასოდ აძლევს ქალაქის წარჩინებულ
მოსწავლეებს. შედეგი ორმხრივ სასარგებლოა: იზრდება როგორც სტადიონზე
დამსწრეთა, ასევე სკოლებში ფრიადოსან მოსწავლეთა რაოდენობა.
|