[ნინო მიქიაშვილი] სასჯელაღსრულების, იურიდიული სამსახურისა და
პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სიცრუეა პატიმრების
შიმშილობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. როგორც სააგენტო
”ინტერპრესნიუსი” იუწყება, სამინისტროს წარმომადგენლებმა ყველა
დაწესებულება გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ არც ერთ საპატიმროში, არც ერთი
პატიმარი არ შიმშილობს.ა/ო ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისათვის” წარმომადგენელმა, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა
პრესა.გე-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სამინისტრო ცდილობს მოსახლეობა
შეცდომაში შეიყვანოს, რადგან მათთვის ხელსაყრელი არ არის, პატიმრების
შიმშილობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რომელთა ერთ-ერთი მთავარი
მოთხოვნა, ევროსაბჭოს ექპსერტებთან შეხვედრაა. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ
სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებებში, 40-მდე პატიმარი შიმშილობს. ”საქალაქო
სასამართლოში 5 წუთის წინ დასრულდა ე.წ. მუხროვანის ამბოხებულების
პროცესი, სადაც 19-მა კაცმა დაადასტურა, რომ გუშინდლიდან შიმშილობენ.
დამირეკეს რუსთავის მეორე დაწესებულებიდან, სადაც 10-მდე პატიმარმა
დამიდასტურა, რომ შიმშილობს. მანამდე რუსთავის მეექვსე დაწესებულებიდან
4-მა კაცმა დაადასტურა, რომ შიმშილობენ. ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ
ვაჩნაძე, ვახტანგ მაისაია და კიდევ სხვებიც შიმშილობენ”, - ამბობს
ნიკოლაიშვილი და იქვე დასძენს, რომ პატიმრებზე განსაკუთრებულ ზეწოლას
რუსთავის ნომერ მეორე დაწესებულების ადმინისტრაცია ახდენს, სადაც იგორ
გიორგაძის მომხრეები იხდიან სასჯელს: - ” სხვადასხვა საპატიმროებში
მოშიმშილე პატიმრებს ატყუებდნენ; მაგალითად მეორე დაწესებულებაში
ეუბნებოდნენ, რომ მეექვსეში არავინ არ შიმშილობს, ეგ ამბავი ტყუილიაო.
ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამ ტყუილებით რომ ვერაფერს გახდნენ,
შემდგე მუქარაზე გადავიდნენ. განსაკუთრებული ზეწოლა რუსთავის მეორე
დაწესებულებაშია; მოშიმშილე პატიმრებს უგზავნიან სხვადასხვა პირებს, სხვა
პატიმრებს და ემუქრებიან, რომ სასჯელებს დაუმატებენ (რადგან ცოტა დარჩათ
მოსახდელი) და რომ ციხიდან მალე გასვლის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. მოშიმშილეებმა
ადმინისტრაციას წერილობით შეატყობინეს, რომ ისინი შიმშილობას იწყებდნენ,
მაგრამ ეს განცხადებები დაუხიეს და ახლა ამაზე აპელირებენ, რომ დოკუმენტი
არ არსებობს, რეალურად არავინ შიმშილობსო, რაც არის სიცრუე და მოსახლეობის
შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მათვის ახლა ხელსაყრელი არ არის
პოლიტპატიმრების შიმშილობის თემა ასე გახმაურდეს და ამიტომ, ყველაფერს
აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია დაიბლოკოს”. გელა
ნიკოლაიშვილის განმარტებით, მოშიმშილე პატიმრების კონკრეტული მოთხოვნაა
ევროსაბჭოს ექსპერტებთან შეხვედრა. ამასთან, ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხვალ
აღინიშნება, ”მოშიმშილე პატიმრები მოითხოვენ მათი საქმეების გადახედვას და
გათავისუფლებას, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან”. როგორც
პრესა.გე-ს ა/ო ”კანონი ხალხისთვის თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა
შეატყობინა, შიმშილობის აქციას მისი მამა, პროფესორი ომარ ქუცნაშვილი,
პატიმრობის 17 თვის თავზე, გუშინ, 8 დეკემბერს შეუერთდა. - ”იგი
მოითხოვს: საქართველოს უზენაეს სასამრთლოში, დროულად განიხილონ მისი საქმე
და გათავისუფლდეს ის და ყველა სხვა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული
ადამიანი. მამას საქმე მეექვსე თვეა განუხილველად დევს, უზენაეს
სასამართლოში”, - გვითხრა ზაქარია ქუცნაშვილმა. პრესა.გე-მ სახალხო
დამცველის ოფისის ინფორმაციის სამმაართველოშიც სცადა გადაემოწმებინა
ინფორმაცია პატიმრების შიმშილობის შესახებ. როგორც განგვიმარტეს, ამ
წუთებში მათი ოფისის წარმოამდგენლები სხვადასხვა საპატიმრო
დაწესებულებების მონიტორინგს ახორციელებენ და დაზუსტებულ ინფორმაციას დღის
მეორე ნახევარში მოგვაწვდიან.
|